in

სოციალური მედია მარკეტინგი ბიუჯეტის გარეშე

“თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, თქვენ არ გაქვთ ბიზნესი” – ბილ გეითსის ეს სიტყვები დღეს იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

2023 წლის მონაცემებით, ინტერნეტს – 5.07, ხოლო სოციალურ მედიას 4.9 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესის სამიზნე აუდიტორია ინტერნეტში არის წარმოდგენილი.

სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის აუცილებელია ციფრულ არხებში პოზიციონირება. განსაკუთრებით კი სტარტაპებისთვის, რადგან აქ ყველაზე სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი ბრენდის ცნობადობის გაზრდა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ლიდების გენერირება.

ხშირად მიაჩნიათ, რომ სოციალური მედია მარკეტინგი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, ახალი ბიზნესები და განსაკუთრებით სტარტაპები, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ, ციფრულ მარკეტინგს თავს არიდებენ. ეს შეცდომაა, რადგან თანამედროვე ბაზარზე შეღწევა და თავის დამკვიდრება ციფრულ პლატფორმებზე მუშაობის გარეშე შეუძლებელია.

სტარტაპებს სოციალური მედია მარკეტინგის დასაწყებად დიდი ბიუჯეტი არ სჭირდებათ. მთავარია, რომ სტარტაპერებმა სწორად დაგეგმოთ და სტრატეგიულად წარმართოთ ეს პროცესი. ამაში, კი შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

  • დაისახეთ მკაფიო მიზანი და განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია

სოციალური მედია მარკეტინგის დაწყებამდე, აუცილებელია, რომ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რა არის თქვენი მარკეტინგის მიზანი და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.

თქვენ შეიძლება გინდოდეთ ვებ-საიტზე ვიზიტორების მოზიდვა, ბრენდის ცნობადობის ან გაყიდვების გაზრდა, მომხმარებელთან კომუნიკაცია და სხვა. ამიტომ, მკაფიოდ გაწერილი მიზანი დაგეხმარებათ სწორი მარკეტინგის კამპანიის შემუშავებაში.

ასევე, შეისწავლეთ თქვენი იდეალური მომხმარებელი – ვინ არის ის, რას საქმიანობს, რა სურვილები და მოთხოვნილებები გააჩნია. გამოიკვლიეთ დემოგრაფიული მონაცემები, მათი ინტერესები და ონლაინ ქცევები. ასე მარტივად მიხვდებით, თუ რომელ სოციალურ მედია არხებზე გაამახვილოთ ყურადღება და რა ტიპის კონტენტი შექმნათ.

  • შეარჩიეთ სწორი პლატფორმა

იმის ნაცვლად, რომ რესურსები ყველა მედია პლატფორმაზე დახარჯოთ, შეარჩიეთ ისეთი არხები, რომლებსაც თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე ხშირად იყენებს და თქვენ ბიზნეს ამოცანას ყველაზე კარგად ერგება.

B2B სტარტაპებისთვის, LinkedIn-ი საუკეთესო პლატფორმაა. მას უკვე 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. B2B მარკეტერების 40% მიიჩნევს, რომ LinkedIn-ი ლიდების გენერირებისთვის საუკეთესო პლატფორმაა.

რაც შეეხება B2C სტარტაპებს, უმჯობესია ფოკუსირდეთ ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. ამ პლატფორმების აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2 – 3 მილიარდს შორის მერყეობს. მათზე რეკლამირება მარტივია, შედეგი კი – გარანტირებული.

ვიზუალური კომუნიკაციისთვის, უმჯობესია Pinterest-ი გამოიყენოთ, აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის შემთხვევაში კი ტიკტოკი და იუთუბი.

  • შეიმუშავეთ კონტენტ სტრატეგია

სოც. მედია მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად, აუცილებელია სწორი კონტენტ სტრატეგიის შემუშავება. გახსოვდეთ, რომ კონტენტი უნდა იყოს ინფორმაციული, საინტერესო და ადვილად რეკლამირებადი.

ყველაზე გავრცელებული კონტენტის ტიპებია: ბლოგები და სტატიები, ინფოგრაფიკები, მოკლე ვიდეო (Reels-სა და ტიკტოკის ფორმატის), სოც.მედია პოსტები საინტერესო ვიზუალით, ელექტრონული წიგნები, ბუკლეტები, ვებინარები და პოდკასტები.

გამოიყენეთ თქვენი იდეალური მომხმარებლის პორტრეტი და სწორედ მასზე მორგებით შექმენით კონტენტ სტრატეგია.

  • შექმენით მაღალი ხარისხის კონტენტი

ციფრულ მარკეტინგში არაფერია კარგ კონტენტზე მნიშვნელოვანი. თითოეული ქოფი, ფოტო, ბლოგი თუ ინფოგრაფიკა უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენი ბრენდის იმიჯსა და სანდოობაზე.

კარგი კონტენტის შექმნა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, მცირე ბიუჯეტისას, უმჯობესია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უფასო ინსტრუმენტები გამოიყენოთ.

სარეკლამო და ინფორმაციული ტექსტების შესაქმნელად, საუკეთესო პლატფორმებია Jasper.AI და chatGPT. ამ უკანასკნელის გამოყენება სტარტაპზე მორგებული კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაც შეგიძლიათ. ვიზუალური პოსტებისთვის გამოიყენეთ Midjourney და Canva, ხოლო ვიდეო კონტენისთვის DeepBrain AI და Repurpose.io

  • გქონდეთ მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია

სოციალური მედიის მთავარი მიზანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა და თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ეს უნდა იყოს.

უპასუხეთ მომხმარებლების კომენტარებს და შეტყობინებებს. დაუსვით თქვენს აუდიტორიას კითხვები და მოისმინეთ მათი უკუკავშირი. ეს ბრენდის მიმართ ლოიალურობის გაზრდას და პოზიტიური დამოკიდებულების შექმნას შეუწყობს ხელს.

ასევე, წაახალისეთ მომხმარებლები, რომ UGC-ი (მომხმარებლის წარმოებული კონტენტი) შექმნან. ამით კონტენტის წარმოების ხარჯებს შეამცირებთ და უფრო ფართო აუდიტორიას მიწვდებით. სთხოვეთ კლიენტებს, რომ დაგიწერონ შეფასება, გამოიყენონ თქვენი პროდუქტი და გააზიარონ შეფასებები, მოგნიშნონ პოსტებზე და სხვა. არ დაგავიწყდეთ მომხმარებლების კონტენტის თქვენს გვერდზე გადმოზიარებამდე, ნებართვის აღება.

  • არ ჩამორჩეთ ინდუსტრიის ტრენდებს

ციფრული სამყარო სწრაფად ცვალებადია. ის, რაც დღეს პოპულარულია, ხვალ შეიძლება აღარავის აინტერესებდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ციფრულ ტრენდებზე დაკვირვება და მათი დროულად გამოყენება.

ამიტომაც, შეუერთდით ციფრული მარკეტინგის ჯგუფებს, გამოიწერეთ მარკეტინგის ცნობილი ციფრული ჟურნალები (Social Media Examiner, HubSpot, Marketing Land) და მარკეტოლოგების ბლოგები (Niel Pate, Aleksandze Chomakhidze),დაესწარით ვებინარებსა და მასტერკლასებს.

ინტერნეტი სავსეა შემეცნებითი კონტენტით, რომელიც ნებისმიერ თემაზე, განსაკუთრებით კი სოციალურ მედია მარკეტინგზე ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

  • გამოიყენეთ ანალიტიკისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები

ყველა სოციალურ მედიას საკუთარი უფასო ანალიტიკის ინსტრუმენტი გააჩნია: Meta Business Suit, Instagram Insights, Google Analytics და სხვა. ყველა მათგანი მოგაწვდით ინფორმაციას ტრეფიკის, მომხმარებლების ჩართულობისა და კონვერსიის შესახებ. ამასთან ერთად, ამ პლატფორმებს შეუძლიათ მოგცეთ რჩევები, თუ როგორ გაზარდოთ ცნობადობა, მისწვდეთ მეტ ადამიანს და სხვა.

ასევე შესაძლებელია, რომ მონაცემები თქვენს კონკურენტებს შეადაროთ. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Hootsuite და SimilarWeb, საშუალებას გაძლევთ, რომ ნახოთ, თუ რას პოსტავენ ისინი, როგორი გამოხმაურება აქვთ, რამდენი ადამიანი სტუმრობს მათ ვებ-საიტს და ა.შ

სოციალური მედიის მარკეტინგის წარმატება მხოლოდ თქვენს ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. წარმატებული კამპანიისთვის აუცილებელია, რომ იცნობდეთ თქვენი აუდიტორიას, ქმნიდეთ ღირებულ კონტენტს და გქონდეთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და სწორი უფასო ინსტრუმენტების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ, რომ სტარტაპის მწირი ბიუჯეტის გახარჯვის გარეშე, სოციალურ მედია არხებში თავი წარმატებით დაიმკვიდროთ.

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

What do you think?

3 Points
Upvote

Written by goodstoryadmin